თეგი: არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

"ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აცხადებს, რითაც პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. „2022 წლის 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიება ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით იმართება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ მხარეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. საუბარი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება. „2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა, 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს“,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „ლიბერალური აკადემია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „უფლებები საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“.  

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს

"სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „დიდი ხანია ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. არიან ჩვეულებრივი მონაწილეები პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე აქცია იყო ამის პიკი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.  რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.  „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.  

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“. ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არამედ ერთადერთი რამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამდენად, ეს მიდგომა ქართველი საზოგადოების მხრიდან არის მოწონებული. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, საუბრობენ ამ 6 თვეზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. სწორედ ამიტომ საუბრობენ ბარიერზე, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდაციების თემა. პირველი საკითხი, რაც თავში მოსდით, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მანდატები ჰქონდეთ; ასევე კომიტეტის თავმჯდომარეობა იმისთვის, რომ თანამდებობები ჰქონდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განცხადაება გააკეთა, რომლის თანახმადაც, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.  ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს  

არასამთავრობო ორგანიზაციები: კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა

კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა, - არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. მათივე განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში „ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან - და პირადად თქვენგან. თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში - ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას - იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა. განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში - სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდა პოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, წერილს ხელს აწერენ: „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF), „საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი), „დემოკრატიის ინდექსი“, „საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“ (ICGS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).  

არასამთავრობო ორგანიზაციები: ხმების სანაცვლოდ, მმართველი პარტია პირებს სავარაუდოდ ციხიდან ვადამდე გათავისუფლებას სთავაზობდა

ხმების სანაცვლოდ, მმართველი პარტია პირებს სავარაუდოდ სთავაზობდა ციხიდან ვადამდე გათავისუფლებას, ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენას, სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია საუბარი, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა. „სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება. უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ. ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციები: მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში

მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში. ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებენ. „2022 წლის 18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. ISFED-სთვის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა არის კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის შინაარსი და კონტექსტი აქვს. „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიაზიას და „გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას“ მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ერთიანი პროცესის ხედვა ხელისუფლებამ სრულყოფილად არ წარმოადგინა, არ შექმნა მაღალ დონეზე ორგანიზებული მონაწილეობითი დემოკრატიული პროცესი და არც თავად სამუშაო პროცესის წესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გაუვლია სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დამოუკიდებელ აქტორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ კომუნიკაციის და თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა პარლამენტთან. საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და, ძირითადად, არაინკლუზიურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღემდე კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს, სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ ჩვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. ISFED წარმოადგენს წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე ISFED-მა განახორციელა ფაქტობრივად ყველა ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ISFED სამუშაო ჯგუფში წარდგენილ იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი გაერთიანების – საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ დასახელებული მიზეზები, რომელთა გამოც ISFED-ს აეკრძალა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, წარმოადგენს კვალიფიციური და მდიდარი გამოცდილების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის თვითნებურ ხელშეშლას, დისკრიმინაციას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საფუძვლით. კრიტიკული შეხედულებებისა და შეფასებების გამო, ISFED-ის დისკრედიტაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ვერ იაზრებს სამოქალაქო ორგანიზაციების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტების როლს. დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელობას, გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე. ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.  

არასამთავრობო ორგანიზაციები: "ქართული ოცნების" მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

„ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს, მათი მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 20 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგით საქმიანობა გაიადვილოს. საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI); „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF); „დემოკრატიის მცველები“; „მედიის განვითარების ფონდი“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“; „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი); „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP); „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI); „უფლებები საქართველო“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“; „საფარი“; „სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი“; „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“.  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები და ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი ადამიანები. ესენი არიან- ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

არასამთავრობოები: მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება სენაკის არალეგიტიმური საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას - საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოიღოს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები", „ახალგარდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით, არაუფლებამოსილია და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკის მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება კანონის უხეში დარღვევა, კერძოდ, არაუფლებამოსილმა საკრებულომ 25 ოქტომბერს თავმჯდომარე აირჩია. სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი შეიქმნა იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტიამ, რომელმაც უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა, რამაც შეუძლებელი გახადა კვორუმის შედგენა და სენაკში დაიწყო „პროცედურული ომი“. საკრებულო ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეიკრიბა. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33-წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა ,,ქართულ ოცნებას”, 13 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4 კი პოლიტიკურ პარტიას ,,საქართველოსთვის“. შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტიის „საქართველოსთვის“ პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი ძალისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი რაოდენობის, 16-16, მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული. მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.“ ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს მაჟორიტარმა წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კლავ 16 მანდატი დარჩა. 17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს შეკრების არაერთი მცდელობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, 9-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 9-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში შეუკრებლობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ შემოიღო მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვა სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმება. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს სარჩელი იმ მოტივით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მიღებული დადგენილება. რის გამოც, საიამ მთავრობის წინააღმდეგ დავა წამოიწყო სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კანონის პირდაპირი მითითების მიუხედავად, რომ მთავრობას შეეწყვიტა უფლებამოსილება სენაკის საკრებულოსთვის და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები, დაინიშნა შუალედური არჩევნები ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად. ამან მმართველ პარტიას დამატებითი მანდატის მიღების შესაძლებლობა მისცა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოჰყვა. სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით, არის არაუფლებამოსილი და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკი მუნიციპალიტეტი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი. საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.“,- ნათქვამია განცხადებაში. მას ხელს აწერს სამი ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI Georgia). განცხადება იხილეთ სრულად: https://bit.ly/3DIo9VN  

არასამთავრობო ორგანიზაციები: ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

არასამთავრობო ორგანზიაციები სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ამასთან, NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება. „2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა. საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა. მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ღია საზოგადოების ფონდი; ადამიანის უფლებათა ცენტრი ;ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

ეუთო/ოდირისა რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად არ ხდება - არასამთავრობო ორგანიზაცია

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დაგეგმილი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა. ერთი-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სამუშაო ჯგუფის ავტორობითა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კანონპროექტი ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ, უკეთესად რეგულირდება საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების საკითხი, იზრდება საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადა, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში სავალდებულო ხდება ამომრჩევლის მარკირება, მცირდება პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვარი. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება. მაგალითად, უცვლელად რჩება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის მანკიერი წესი, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მოქმედი კანონით მათ საპარლამენტო საქმიანობასთან გაუმართლებლად არის დაკავშირებული. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას, რამაც პოტენციურად დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მიმართ ნდობის ზრდის თვალსაზრისით. თუმცა, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა. ამ კუთხით, განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ კანონპროექტი ზედმეტად ზოგადად აწესრიგებს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების წესს, ხოლო სხვა არსებითი საკითხების გადაწყვეტას კანონმდებელი მთლიანად ცესკოს ანდობს“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შემდგომი მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. ამის შესახებ ორგანიზაციების საერთო განცხადებას „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს. „ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის „სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის - საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „მედიის განვითარების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.  

მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ

მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ, ვინაიდან ეს არ არის პარტიული საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული. „გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ: 1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას. 2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, ოთხი წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტსა და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს, ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე. ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა "სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი: საუბარია ცნობილ "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიაზე, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფერხებს ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის მოწამვლასა და წამებაში..  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით მერიასა და საკრებულოს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლაგუნა ვერესთან დაკავშირებით მერიასა და საკრებულოს მიმართავენ. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და „ლაგუნა ვერეს“ საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლოდ, გეგმარებითი დავალების მოთხოვნას. მოთხოვნის ტექსტიდან და წარდგენილი მასალიდან ირკვევა, რომ კერძო პირს, თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში, ორი, 48 და 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა სურს. ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა პროექტის იდეა, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ღონისძიებად შეაფასა და მისი მშენებლობის განხორციელების გარანტიები შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები. ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯეროვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის. მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: პროექტის იდეა შეუთავსებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან. საპროექტო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია მოქცეული. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი“ ითხოვს, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფას, რაც წარმოუდგენელია ცათამბჯენების ტიპის მასშტაბური მშენებლობის შემთხვევაში. თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, რომელიც, მათ შორის, გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია, მიუღებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე აქტიურ ვერტიკალურ განვითარებას. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზეა შესაძლებელი ამ განაცხადის განხილვის გაგრძელება. კერძო პირის შემოთავაზება, „ლაგუნა ვერეს“ საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო აუზზე დასაქმებული ადამიანი, სრულიად უსამართლოდ, მედიასთან ინტერვიუს შემდეგ, გაათავისუფლეს სამსახურიდან.პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის. დაგეგმილი პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეუთავსებელია ამ ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით განსაზღვრულ რეგულაციებთან. სწორედ ამიტომ, კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ასევე ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი და არ არის ნათელი, დამატებით, გაიზრდება თუ არა სამშენებლო კოეფიციენტები. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დაშვება, არა თუ კერძო პირის ინტერესზე მოსარგებად, არამედ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, დასაბუთებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში არ არის დასაბუთებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, არამედ დაუფარავადაა გაცხადებული, რომ ამ გამონაკლისების დაშვების გარეშე, მიზნობრივი მშენებლობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს. განაცხადში, რისკად არის შეფასებული მშენებლობის პროცესში სამშენებლო მანქანების მიერ სატრანსპორტო გადატვირთულობის გამოწვევა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უარი უთხრას კერძო პირს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვასა და გეგმარებითი დავალების გაცემაზე; მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის საკრებულოს, არ დაუშვას განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება და ზონალური ცვლილებების განხორციელელება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი, მოძრაობა „ტალღა“, საქართველოს ეროვნული ფონდი, „ეკო ცენტრი“, ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი, საზოგადოება „ბათომი“, ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), მწვანე ალტერნატივა, ურბანული განვითარების ინსტიტუტი, ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი, ნანა ზაზანაშვლი, არქიტექტორი, თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე, ICOMOS საქართველო სამოქალაქო მოძრაობა „მე ვარ ქალაქი“, გურიის სამოქალაქო ცენტრი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მანანა თევზაძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი, „მწვანეები“.  

პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ გამოქვეყნებულ, საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება. „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე შეფასებით, გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში 4 ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. „გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3DrQ0ZM  

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია - არასამთავრობო ორგანიზაციები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი კანონპროექტის განხილვაც კი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააზიანებს. მათივე განმარტებით, კანონპროექტი თავისი შინაარსით საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოვხატავთ პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე ის სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ქვეყანაში ფინანსური რესურსების შემოდინებას და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, არღვევს თანაბარი კონკურენციის პრინციპებს. შეუძლებელს გახდის ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის მე-10 "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე" და მე-7 "განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად" პუნქტების შესრულებას. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა, არამც თუ მისი მიღება, დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისი შინაარსით მიმართულია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ“, - ნათქვამია "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" განცხადებაში, რომლის წევრიც 210 არასამთავრობო ორგანიზაციაა. ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.  

არასამთავრობო ორგანიზაციები: მოვუწოდებთ შსს-ს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც აქციაზე 36 პირი დააკავეს. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა. "წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", - წერია განცხადებაში. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.დაკავებულთა უფლებების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ. #არარუსულკანონს! ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო უფლებები საქართველოწამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRTსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG ქალთა ფონდი საქართველოშისაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასოციალური სამართლიანობის ცენტრი ღია საზოგადოების ფონდიმწვანე ალტერნატივასაქართველოს სასამართლოს გუშაგი ადამიანის უფლებათა ცენტრისაქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)  

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით. მიიჩნევენ, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორიც იყო სამოქალაქო საზოგადოება. „ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ იმ ცნობას ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული. რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა. „თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაცია. ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.  

არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს, - არასამთავრობო ორგანიზაციები 2-3 და 7-9 მარტს დაკავებული პირების საქმეების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. ამ დროისთვის საქმეთა განხილვა არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში ეტაპობრივად წარადგენს. გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიერ ამ დრომდე დაუსაბუთებლად მიღებული დადგენილებები და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ჯარიმების შეფარდება კრიტიკას იმსახურებს, პროცედურულად სრულიად არაორგანიზებული სახით მიმდინარეობს ერთი მხრივ, სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა. უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში ან მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწვდიან ამ ინფორმაციას. აღნიშნულ საქმეებს ამ დროს სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი მორიგე მოსამართლის ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოსგან შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან დაკავებული პირების უფლებების დაცვაში, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის ფონზე, სასამართლოში უშედეგოდ ლოდინი უწევთ ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა. ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს; უზრუნველყონ საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა. სასამართლოს: ორგანიზებულად წარმართოს საქმეთა განხილვა, დროულად გასცეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღისა და დროის შესახებ და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცეს შესაძლებლობა სამუშაო საათების ფარგლებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა; ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეს მის მარწმუნებელთან, მათ შორის, დაუთმოს შესაბამისი სივრცე შეხვედრისთვის; მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისათვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „უფლებები საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „ადამიანის უფლებათა ცენტრ“ი (HRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ

ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, - სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის განცხადებით მიმართავს და სთხოვს, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები: „ღია საზოგადოების ფონდი“; „კავშირი საფარი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „თბილისი პრაიდი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „მწვანე ალტერნატივა“; „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD); „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (GFSIS); „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).  

არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. „გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.  

აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა - არასამთავრობო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა ფრენები, ეკონომიკა და ვაჭრობა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან. არა რუსულ ფრენებს - სალომე ზურაბიშვილი „11 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო არსებულ პროტესტს ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა. განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი.“ სიმართლეა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა. აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის. თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად. რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში. ევროსტატის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5% იყო, 2023 წლის მარტში კი 1.9%. ნომინალურ გამოსახულებაში 21 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი 12.2%. ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ დოლარიდან 151 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება. რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს. საქართველოს მთავრობას ოფიციალურად დღემდე აქვს განცხადებული, რომ სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეაფერხებს, რადგან, ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის. ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილადაა შესრულებული - არასამთავრობოები

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად არის შესრულებული და თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მიგვაჩნია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ("ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "გრასი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი") წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც 22-25 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს. როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. "ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.    

არასამთავრობო ორგანიზაციები: ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ

ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ, - არასამთავრობო ორგანიზაციები ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული „დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა. ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა”, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) უფლებები საქართველო ადამიანის უფლებათა ცენტრი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG) ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი“

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ [TI] პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონპროექტი “შეკრებისა და მანიფესტაციის” კანონი ცვლილებებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება; ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. არასამთავრობოების შეფასებით, მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია: „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს. დაინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით,” - წერია განცხადებაში. კანონპროექტს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება

პრეზიდენტი: 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს ვუერთდებით

საქართველოს პრეზიდენტი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარშს შეუერთდებიან, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი. „ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა. თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.